logo
ENG



პენიტენციური "საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით" სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

15 თებ 202315:48
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: პენიტენციური

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, "საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით" მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.

მათი ცნობით, გავრცელებული მასალა ბოლო თვეებშია გადაღებული, მათ შორის უკანასკნელი 9 თებერვალსაა გადაღებული.

სამსახურის თქმით, "გარკვეული მედიასაშუალებები", საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად" ავრცელებენ კადრებს, რომელთა მიხედვითაც, "მსჯავრდებულს  არ შეუძლია დამოუკიდებლად  ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.“

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ამ კადრებში, "ნათლად ჩანს", რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადება:

„გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს  არ შეუძლია დამოუკიდებლად  ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.

ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა.

საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული  ინფორმაციით  სპეკულირებისაგან“ - წერია განცხადებაში.

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

11 თებერვალს CNN-მა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. კადრებში გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. ვიდეოები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა - ის ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვეღარ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება.

10 თებერვალს პოლონეთმა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანა შესთავაზა. პოლონეთის პრემიერის მატეუშ მორავიეცკის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას "სურს თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა”.

10 თებერვალსვე სააკაშვილმა ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მასთან კონსილიუმის გაგზავნა სთხოვა


close დახურვა